ზევით  

ასაკობრივი – U

 

წარდგენა:

 

ანიმაციური ფილმი “ზევით” სამი ძირითადი პერსონაჟის შესახებ გვიყვება. ესენი არიან: ბუზღუნა მოხუცი – კარლ ფრედრიკსენი, ანცი ბიჭუნა – რასელი და ძაღლი. ამ ჩამონათვალს შეიძლება დაემატოს მფრინავი სახლიცა და ის უცნაური ფრინველი, რომლის მოძებნისთვისაც ფრედრიკსენი სამოგზაუროდ წასვლას გადაწყვეტს. ამ ფრინველის ხილვის ოცნება მას ჯერ კიდევ ბავშვობაში გაუჩნდა, მას შემდეგ რაც ცნობილი მოგზაურისა და მკვლევარის მანცის მორიგი თავგადასავლების შესახებ იგებდა ხოლმე. და აი, დადგა დრო, როდესაც მის მყუდრო სახლს დანგრევა დაემუქრა. სახლს ის უამრავ გასაბერ ბუშტს მოაბამს, აფრინდება ცაში და გაემართება სამხეთ ამერიკაში იშვიათი და ყველასთვის უცნობი ფრინველის მოსაძებნად. თუმცა კარლი მალევე აღმოაჩენს რომ “საჰაერო ხომალდზე” მარტო არ არის – მას ძალიან, ძალიან ანცი და მოუსვენარი ბიჭი დაემგზავრა.

 

საინტერესო ფაქტები ფილმის შესახებ :

 

ფილმის გმირები წარმოადგენენ ჰოლივუდის კერპების ალუზიებს. მაგალითად, ფრედრიკსენი ლეგენდარული სპენსერ ტრეისის გარეგნობას ატარებს, ძაღლს ალფას კი საკუთარი თავი კლინტ ისტვუდად მიაჩნია და სხვ.

 

თემები დისკუსიისთვის:

 

  • ოცნებების ასრულებას აქვს თუ არა ასაკობრივი შეზღუდვა, რომლის იქითაც დაუშვებელია მათზე ფიქრიც კი?
  • როგორი ურთიერთობა ყალიბდება რასელსა და ფრედრიკსენს შორის, მათ თითქოს საერთო არაფერი აქვთ.
  • ფრედრიკსენს ემსხვრევა ბავშვობის კერპის ხატი. ეს პროცესი კი სხვა ადამიანებში გაცილებით ადრე ხდება, ძირითადად, გარდატეხის ასაკში. შეიძლება თუ არა იმის თქმა, რომ მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში ფრედრიკსენი ბავშვად რჩებოდა?

 

დაწერეთ რეცენზია ფილმზე “ზევით”

 

“ზევით” გვიყვება ძალიან სახალისო ისტორიას, თუმცა მას სხვა ანიმაციური ფილმებიდან რამდენიმე გარემოება გამოარჩევს. ის სავსეა კინოს ისტორიიდან მრავალი ციტატით. სასურველია, თუკი თქვენ მოძებნით ამ დეტალებს და განმარტავთ მათ, მაგალითად, თუ რატომ დაამსგავსეს ფილმის შემქმნელებმა ფრედრიკსენი სპენსერ ტრეისის და სხვ. ასევე მნიშნველოვანია ბიჭისა და მოხუცის ურთიერთობის აღწერა, რა აერთიანებს მათ და საბოლოოდ რა არჩევანს გააკეთებს ფრედრიკსენი ბავშვობის ოცნების ასრულებასა და ახლადშეძენილ მეგობარს შორის.

 

რეკომენდაცია:

თუ გაგიტაცათ ფილმმა “ზევით”, სადაც გმირები ყველანაირი წინაღობების მიუხედავად ახერხებენ წარმოუდგენელი ოცნებების ახდენას, მაშინ შეგიძლიათ ნახოთ: უოლ-ი, რატატუი და დორის ძიებაში.

 

საბეჭდი ვერსია : ზევით

ფილმის გადმოწერა : გადმოწერა