ნუ მოკლავ ჯაფარას

PG-რეკომენდირებულია მშობლების დასწრება

წარდგენა

ამერიკელი რეჟისორის რობერტ მულიგანის ოსკაროსანი ფილმი „ნუ მოკლავ ჯაფარას“(1962)  ჰარპერ ლის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვითაა შექმნილი. მთავარი გმირი, იურისტი  ატიკუს ფინჩი (გრეგორი პეკი) ორ მცირეწლოვან  შვილს ზრდის – ჯემს და სკოტს. ის ალაბამას შტატის სასამართლოში უდანაშაულო შავკანიან ადამიანს იცავს, რომელსაც ბრალს ძალადობაში სდებენ. ის ყველა გზით ცდილობს სამართლიანობის აღდგენას, თუმცა სასურველ შედეგს ვერ აღწევს.

საინტერესო ფაქტები ფილმის შესახებ

  • ფილმში მოქმედება 40-იანი წლების ამერიკაში ხდება. ამ პერიოდში რასისტული მოძრაობა “კუკლუკს კლანი” (“KKK”) განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდებოდა შავკანიან ადამიანებს.
  • რობერტ მულიგანს ფილმის გადაღება მწერალ ჰარპერ ლის მშობლიურ შტატ ალაბამაში სურდა, ადგილზე ჩასულს შტატი მოდერნიზებული დახვდა, ამიტომ ფილმი ჰოლივუდში, სტუდია “ უნივერსალის“ პავილიონში გადაიღო.

თემები დისკუსიისთვის

  • შავკანიანი ადამიანების ჩაგვრა ამერიკის ისტორიის ერთ-ერთი სამარცხვინო ლაქაა, ფილმში სწორედ ეს პერიოდია ასახული. უდანაშაულო ახალგაზრდას გამოცდილი ადვოკატი იცავს, რა გზებით ცდილობს სამართლიანობის აღდგენას გრეგორი პეკის გმირი?და რატომ უპირისპირდება მთავარ გმირს საზოგადოების დიდი ნაწილი?
  • ბრალდებული შავკანიანი რომ  არ ყოფილიყო,შეიცვლებოდა თუ არა ნაფიც მსაჯულთა განაჩენი?
  • რამდენად აქტუალურია რობერტ მულიგანის ფილმი ჩვენს დღევანდელობაში? გრძელდება თუ არა  ადამიანის უფლებების შელახვა რასობრივი, ეთნიკური, ან კლასობრივი ნიშნით? ეცადეთ დისკუსიისას ჩვენს რეალობაში არსებული შემთხვევებიც მოიშველიოთ….
  • ფილმში განვითარებული მოვლენები მცირეწლოვანი გოგონას თვალითაა დანახული, ის მთხრობელის როლში გვევლინება.როგორია ატიკუს ფინჩის და მისი შვილების ურთიერთდამოკიდებულება ?

დაწერე რეცენზია ფილმზე-ნუ მოკლავ ჯაფარას

რეცენზიის წერისას აქცენტი გააკეთეთ, რა ეპოქაში ხდება მოქმედება, რატომ ჩაგრავდნენ ამერიკაში შავკანიან ადამიანებს, როგორ ილახებოდა მათი უფლებები. ეცადეთ წინა პლანზე წამოწიოთ მთავარი გმირის პიროვნების მახასიათებელი შტრიხები, როგორია მისი დამოკიდებულება შვილებთან, შავკანიან მოქალაქეებთან, კოლეგებთან. ეცადეთ ფილმში არსებული პრობლემის გამოძახილი დღევანდელობის მაგალითზეც აღწეროთ და ადამიანის უფლებების კუთხით განიხილოთ.

რეკომენდაცია

თუ თქვენთვის საინტერესოა ფილმები, სადაც  სასამართლოს, იურისდიქციის, ადამიანის უდანაშაულობის თემებია წინ წამოწეული  გირჩევთ ნახოთ სიდნი ლუმეტის „12 განრისხებული მამაკაცი““ორნი ქალაქში“ „მწვანე მილი“

 

საბეჭდი ვერსია : ნუ მოკლავ ჯაფარას

ფილმის გადმოწერა: ნუ მოკლავ ჯაფარას