როცა აყვავდა ნუში
რეჟისორი:
ასაკობრივი ჯგუფი:
წარდგენა:
ლანა ღოღობერიძის ცნობილი ფილმი `როცა აყვავდა ნუში” კინოეკრანებზე 1972 წელს გამოვიდა და დიდი პოპულარობა მოიპოვა. მთავარ როლს ახალგაზრდა ზურა ყიფშიძე ასრულებს, მუსიკალური გაფორმება გია ყანჩელს ეკუთვნის, რამაც ფილმს განსაკუთრებული ღირებულება მიანიჭა. ფილმში გამოყენებული მელოდია დღევვანდელ ახალგაზრდებშიც საკმაო პოპულარობით სარგებლობს. ფილმი მეათეკლასელების ცხოვრებაზე მოგვითხრობს: ახალგაზრდა ბიჭი, რომელსაც გავლენიანი მამა ჰყავს, ყოველთვის არიდებს პასუხისმგებლობას თავს. ყველაფერი ეს საბოლოოდ სავალალო შედეგით მთავრდება.
საინტერესო ფაქტები ფილმის შესახებ:
ფილმის რეჟისორი ლანა ღოღობერიძე იხსენებს, რომ ფილმის საფუძველი ნამდვილი ისტორია გახდა. ავარიაში გარდაცვლილი ადამიანი დამნაშავედ სცნეს, თითქოს ის იჯდა საჭესთან, ფილმის ასეთი სცენარიც სწორედ ამ ამბიდან წამოვიდა.
ლანა ღოღობერიძე: – “მე და ზაირა¬ არსენიშვილი ერთად ვმუშაობდით ამ სცენარზე. გვაინტერესებდა მთავარი – სახე მაშინდელი ახალგაზრდობის… როგორები¬ არიან, როგორ იქცევიან… მეორე ასპექტი მათი მსხვილი პლანით დანახვა იყო – რას ფიქრობენ, რა აწუხებთ…”
თემები დისკუსიისთვის:
• ჩამოაყალიბეთ თქვენი პირადი შეხედულება ამ ამბის მიმართ, როგორ ვითარდება სიუჟეტი?
• როგორ ფიქრობთ, რამდენად მართებულია შვილების მიმართ მშობლის ისეთი დამოკიდებულება, როგორიც ფილმშია ნაჩვენები? რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს მშობლის ასეთ ქმედებას?
• რა გრძნობა გიჩნდებათ მთავარი გმირის ზურას მიმართ?
• რას იტყვით ზურას მეგობრებზე? როგორია მათი პოზიცია შექმნილი სიტუაციის მიმართ?
• თქვენს თანამედროვე რეალობაში რამდენად გხვდებათ მსგავსი პრობლემები?
დაწერეთ რეცენზია ფილმზე `როცა აყვავდა ნუში”.
წერის დროს აუცილებელია განიხილოთ მთავარი გმირის და მისი მეგობრების თვისებები, როგორია თქვენი დამოკიდებულება მათ მიმართ. აღწერეთ გარემო, მამა და მისი მეგობრები, ისაუბრეთ მამა-შვილის ურთიერთობაზე. ყურადღება გაამახვილეთ ფილმის მხატვრულ თავისებურებებზე და გამოყენებულ მუსიკაზე, რომელიც ფილმის ემოციურ ფონს მეტად ამძაფრებს.
რეკომენდაცია:
იმისათვის, რომ უკეთესად გაეცნოთ ლანა ღოღობერიძის ხელწერას, აუცილებლად ნახეთ მისი სხვა ფილმები: `მე ვხედავ მზეს”, `ერთი ცის ქვეშ”, `რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე”. ასევე, გირჩევთ ნახოთ რეზო ჩხეიძის ფილმი `ღიმილის ბიჭები” სადაც ახალგაზრდების ცხოვრებაზეა მოთხრობილი, თუმცა აქ სიუჟეტი მეორე მსოფლიო ომის გარშემო ვითარდება.