ნატვრის ხე
რეჟისორი:
ასაკობრივი ჯგუფი:
12–დაშვებულია 12 წლიდან
წარდგენა
“ნატვრის ხე” (1976) თენგიზ აბულაძის ტრილოგიის მეორე ფილმია (“ვედრება” 1967; “მონანიება” 1986)სადაც მარიტასა (ლიკა ქავჟარაძე) და გედიას (სოსო ჯაჭვლიანი) სიყვარულის ამბის ფონზე, ავტორი მე-19 საუკუნის ქართული სოფლის ცხოვრებას გვაცნობს.მეოცნებე, იდეალისტი, მორალისტი, “ნატვრის თვალის” მაძიებელი- ერთმანეთისგან განსხვავებული პერსონაჟები, ფილმის ფინალში ბრბოდ იქცევიან და უდანაშაულო, მშვენიერ მარიტას განაჩენს გამოუტანენ.
საინტერესო ფაქტები ფილმის შესახებ
- ფილმი გადაღებულია გიორგი ლეონიძის მოთხრობების კრებულის – “ნატვრის ხის” მიხედვით.
თემები დისკუსიისთვის
- დისკუსიისას ეცადეთ სოფლის საერთო სურათის უკეთ გასაგებად ფილმის თითოეული პერსონაჟი დაახასიათოთ… როგორები არიან ისინი, რა მიზნები და სურვილები ამოძრავებთ, რამდენად თავისუფლები არიან არჩევანსა და ცხოვრების წესში?
- მარიტას გედია უყვარს, მაგრამ შეთეს ცოლი ხდება. რატომ ვერ იცავს ახალგაზრდა წყვილი თავის სიყვარულს? ვინ იღებს მათ ნაცვლად გადაწყვეტილებას და რატომ?
- ფილმში “უწყინარი” პერსონაჟების პასტორალური ცხოვრება უეცრად იცვლება, რა არის ამის მიზეზი? რატომ იქცა ადამიანების ერთობა-ბრბოდ და რატომ გამოუტანა მარიტას ასეთი მძიმე განაჩენი?
- როგორი ადამიანია ციციკორე? რატომ ვერ უწევენ წინააღმდეგობას? ჩვენს დღევანდელობაში თუ ვხვდებით მის მსგავს ადამიანებს?
დაწერე რეცენზია ფილმზე-ნატვრის ხე
თენგის აბულაძის ფილმის ლიტერატურული პირველწყარო სხვადასხვა მოთხრობებს აერთიანებს, რამდენად განსხვავდებიან ლიტერატურული პერსონაჟები კინო-პერსონაჟებისგან? რა საერთო და განმასხვავებელ ნიშან-თვისებებს ვხვდებით. თქვენ რომ რეჟისორი ყოფილიყავით, შეცვლიდით თუ არა ფილმში რომელიმე პერსონაჟს? ფილმის რეცენზიის წერისას, შეგიძლიათ წერა ფინალიდან დაიწყოთ-როგორ გადაიქა სოფლის მაცხოვრებლების დიდი ნაწილი ბრბოდ. ეცადეთ გადმოსცეთ ციციკორეს ქმედების მიზეზი, რომელიც უდანაშაულო ადამიანს სჯის და თამამად ერევა სხვების ცხოვრებაში. წერისას აქცენტი გააკეთეთ, სოფლის მოსახლეობის ღირებულებებზე (შეყვარებული მარიტას ოჯახი, არჩევანს მდიდარ ოჯახზე აკეთებს) გირჩევთ ნახოთ თენგიზ აბულაძის ტრილოგიის ფილმები. რა ძირითადი თემებით ერთიანდება ეს სამი ფილმი, რატომ აქცია რეჟისორმა თემით და სტილით თითქოსდა განსხვავებული ფილმები ტრილოგიად.
რეკომენდაცია
გირჩევთ ნახოთ თენგიზ აბულაძის ტრილოგიის ორი ფილმი “ვედრება” (1967) “მონანიება” (1986).